weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მინდელის მაღაროდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

10:26 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროდან 14 საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ 4 მაღაროელის ცხედარი ამოიყვანეს.

ინციდენტი, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, მინდელის მაღაროში 9 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

„საქნახშირის“ დირექციის ინფორმაციით, მაღაროში მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოები, რომელზეც დაკავებული იყო მაღაროს სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით.

„სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია, რომლის უშუალო სარემოტო სამუშაოებით დაკავებული იყო ოთხი თანამშრომელი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო ჩაწყდა სარემონტო პოზიციიდან. ბრიგადის ადგილზე მყოფმა სხვა წევრებმა შეატყობინეს დისპეტჩერს მომხდართან დაკავშირებით, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ გამოძახებულ იქნა სამთო მაშველთა და სასწრაფო დახმარების სამსახურები“, – განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.

სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ადგილობრივი მაშველების გარდა, ქუთაისისა და თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. „სირთულეები იყო იმიტომ, რომ მიწისქვეშ დაახლოებით 350 მეტრ სიღრმეზე მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები“, – აღნიშნა იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ჯღამაძემ.

ტყიბულში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარაიამ განაცხადა, რომ დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც გამოძიების შედეგად დადასტურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მინდელის მაღაროში ვითარების შესწავლა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა.

„ინსპექტორებიკომპლექსურად სწავლობენ უბედური შემთხვევის ადგილს. პირველად მოხდა დათვალიერება, ჯერჯერობით საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან ჩართულები არიან საგამოძიებო ორგანოები. კომპლექსურად, ერთობლივად მოხდა შემოწმება, შემდგომ უკვე დაიდება დასკვნები შრომის უსაფრთხოების კუთხით რამდენად იყო დაცული ნორმები,“ - აღნიშნა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ.

ცხედრების ამოყვანის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ოჯახებს ყველა სახის კომპენსირება გაეწევა როგორც კომპანიის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი.

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვითარება მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობა უმწვავესი პრობლემაა და სულ მცირე, 2–3 დღეში ერთხელ დგება შემთხვევები, როდესაც სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან.

„ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები.

ბოდიში პირდაპირობისთვის. მაგრამ ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას“, – ასე გამოეხმაურა უჩა ნანუაშვილი ტყიბულში 4 მაღაროელის გარდაცვალებას.

საქართველოში შრომის პირობების მონიტორინგს ერთადერთი ორგანო აწარმოებს - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ახორციელებს. სახალხო დამცველის განცხადებით, არ არსებობს დარღვევების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ინსპექტირების დეპარტამენტს ასევე არ გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციების გაცემის და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]