weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი ოქროპირიძე ე.წ. ცრუ დასმენის საქმეზე გამართლდა

16:44 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017
ფოტოზე ადვოკატი თამარ ავალიანი ფოტოზე ადვოკატი თამარ ავალიანი

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულო სცნო ე.წ. ცრუ დასმენის საქმეზე.

გიორგი ოქროპირიძის მიმართ, პროკურატურის მიერ ცრუ დასმენის ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს, ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებასთან დაკავშირებით გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში მას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა, 2 დღის შემდეგ - 8 ივნისს, მას პროკურატურამ „ცრუ დასმენის“  ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი აღმკვეთ ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ გიორგი ოქროპირიძე შემდგომში დამნაშავედ ცნო მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი ოქროპირიძის მიმართ აღძრული ე.წ. ცრუ დასმენის საქმე უკავშირდება ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას, მის მიერ სახალხო დამცველისადმი მიცემულ ახსნა-განმარტებას, სადაც პატიმარი მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ ფაქტებს აღწერდა და N3 დაწესებულების თანამდებობის პირებს ცემაში ადანაშაულებდა. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება დაიწყო და ორ კვირაში შეწყვიტა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. თუმცა, 8 თვის შემდეგ, მაშინ როდესაც გიორგი ოქროპირიძეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურებოდა, მას ახალი ბრალი წაუყენეს ცრუ დასმენასა და ცრუ ჩვენების მიცემაში, რომლის თანახმად, ბათუმის N3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია და მსჯავრდებულმა განახორციელა ცრუ დასმენა, რა დროსაც გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსის თამარ ავალიანის განცხადებით, ე.წ. ცრუ დასმენის საქმესთან დაკავშირებით ისინი სრულად იზიარებენ საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას, რომ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ შეიძლება იყოს პირის/პატიმრის წინააღმდეგ მიმართული და გამოყენებული ან გახდეს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.

ომბუდსმენი ეყრდნობა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის 21–ე მუხლს - „არც ერთი ორგანო ან თანამდებობის პირი არ გამოიყენებს რაიმე სანქციას ან არ გასცემს სანქციის გამოყენების ბრძანებას ან ნებართვას რომელიმე პირის ან ორგანიზაციის მიმართ, მათ მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ნამდვილი თუ  ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო, ასევე არ შეზღუდავს ასეთ პირს ან ორგანიზაციას რაიმე სხვა წესით“.

თამარ ავალიანის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ცრუ დასმენის საქმის განხილვისას გაიმართა 70 სასამართლო სხდომა და დაიკითხა 200-მდე მოწმე, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას N3 და N8 პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები წარმოადგენდნენ და მათ ჩვენებებში თვალნათლივ იკვეთებოდა მიკერძოება.

საბოლოოდ, 2017 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე უდანაშაულოდ ცნო ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]