weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თქვენ ხართ მკვლელები – სახალხო დამცველი მაღაროელების დაღუპვაზე

11:00 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

„ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ბოდიში პირდაპირობისთვის. მაგრამ ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას“, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ტყიბულში 4 მაღაროელის გარდაცვალებას.

9 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.

„სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოვეწლიურად მატულობს. 2016 წელს გარდაიცვალა 58 და დაშავდა 84 ადამიანი. მდგომარეობის გაუარესებას ხელს უწყობს ქვეყანაში შრომის ინსპექციის ეფექტური მექანიზმის არარსებობა.

მინდელის მაღაროში მომხდარი ფაქტი და ქვეყანაში არსებული საგანგაშო სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს, რომელზედაც საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო 4 წლის განმავლობაში აქტიურად მიუთითებს.

სახალხო დამცველი პარლამენტს და მთავრობას წლებია მოუწოდებს მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და შექმნას მათი შესრულების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაზიანების თითოეულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც წლებია ეწინააღმდეგება შრომის ინსპექციის შექმნას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. შექმნას შესაბამისი ნორმატიული ბაზა და შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო რეგულაციების შესრულებაზე ზედამხედველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღჭურვილი იქნება შესასრულებლად სავალდებულო მითითებების გაცემისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების უფლებამოსილებით. „შრომის უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების გარეშე შექმნილი დღეს მოქმედი სამსახური, რომელსაც არ გააჩნია იძულებითი ღონისძიების არავითარი მექანიზმი, არის თვალის ასახვევად შექმნილი ფსევდო სისტემა და არ ქმნის შრომის უსაფრთხოების დასაცავად საჭირო რეალურ გარანტიებს“, – აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]