პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო კანონი, რომლის ძირითადი დებულებები 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. კანონის თანახამად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირები სხვადასხვა სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.
აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა დაამტკიცა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის ქვეშ მოექცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ყველა დასახლება.
კანონმდებლობის თანახმად, იმისთვის რომ ფიზიკურმა პირმა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მოიპოვოს და სხვადასხვა სახის სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, აუცილებელია იყოს საქართველოს მოქალაქე.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით და შესაბამისი შეღავათებით.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. მოსარჩელეთა ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა“ წარმოადგენენ.