weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პატიმრებს ცემდნენ და მორგში ამწყვდევდნენ – ციხის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

15:06 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავა.

ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.  

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, აღნიშნული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

„დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პატიმრებს N8 დაწესებულებაში შესახლებისას, განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. ბრალდებულთა  ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების  საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ამასთან,

პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ადგილი ჰქონდა მათ მოთავსებას სასჯელაღსრულების დაწესებულების მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად, სადაც პატიმრებს ამწყვდევდნენ გარკვეული დროით“,- განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 600-მდე მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ.). დანაშაული სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]