weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შს სამინისტრო ქისტაურში მომხდარ შემთხვევაზე ფაქტობრივ გარემოებებს ამახინჯებს

14:55 კვირა, 24 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც 31 წლის ქალი რეანიმაციაშია მოთავსებული.

„ფაქტი ეხება კახეთში, სოფელ ქისტაურში მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ დათვალიერებას. კერძოდ, 2017 წლის 21 დეკემბრის თელავის რაიონული სასამართლოს N 11/ბ -1394-17 განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 22 დეკემბერს მოხდა მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე სათავსოების დათვალიერება.

ცნობილი გახდა, რომ შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი გახდა შეუძლოდ. იგი გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში. ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მიაწოდებს საზოგადოებას ინფორმაციას ფაქტის გამოძიების მიმდინარეობაზე.

ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ქისტაურში მომხდარ ფაქტზე საგენტო „რეგინფომ“ ინფორმაცია 23 დეკემბერს გაავრცელა. დავით ხოსიაშვილი, რომლის საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს, ამბობს, რომ ერთდროულად 8 ან 10 პოლიციელი მათ სახლში მაშინ შევიდა, როცა ოჯახის წევრებს ეძინათ, მათ შორის სახლის მეორე სართულზე მის ძმას, რძალს და 1 წლის ბავშვს.

„პოლიციელები სახლის მეორე სართულზეც იყვნენ ასულები, სადაც ჩემი ძმა, რძალი და 1 წლის ბავშვი ცხოვრობენ. ისინიც წამოყარეს და იქაც ეძებდნენ, დაგვაწიოკეს. ჩემი რძალი შიშისგან ავად გახდა, დავარდა და ფეხზე ვეღარ ადგა. ბავშვი ტიროდა. ვიდრე ჩვენ რძლის მოსულიერებას ვცდილობდით, პოლიციელები იცინოდნენ. ამბობდნენ, რომ ჩემი რძალი ავადმყოფობას იგონებდა“, - აღნიშნავს დავით ხოსიაშვილი.

„რა საჭირო იყო ამდენი პოლიციელი, რამე დავაშავეთ, რამეს ვმალავთ, სადმე გავრბივართ, თუ რა? შიშზე გოგო ავად გახდა და ტვინში სისხლი ჩაექცა“, - ამბობს დავოთ ხოსიაშვილის დედა მანანა ხოსიაშვილი.

31 წლის თინათინ შენგელია ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაშია მოათავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დავით ხოსიაშვილი ადასტურებს, რომ შს სამინისტრო თავის განცხადებაში ფაქტებს ამახინჯებს. „22 დეკემბერს, დილით, გამთენიისას და არა დღის ბოლოს, როგორც ამას შსს თავის განცხადებაში ამბობს, ჩხრეკა დასრულებული არ იყო და პოლიციელები ჯერ ისევ ჩვენს სახლში იყვნენ, როცა ჩემი რძალი ავად გახდა. თინათინი რომ ჩაიკეცა, პოლიციელები დაგვცინოდნენ, იგონებენო. ისე წავიდნენ, არცერთს არ უკითხავს, რამე დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა“, - ამბობს დავით ხოსიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]