weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პანკისში სპეცრაზმელების მიერ დაჭრილი 19 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

16:13 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრილი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. მას შუბლის არეში შემავალი ჭრილობა აქვს. ნეიროქირურგი ოპერაციას ვერ იწყებს, რადგან რეანიმატოლოგების თქმით, დაჭრილის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაში არ არის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება.

დაკავებულის და ნატა მაჩალიკაშვილი სუს–ის ბრალდებას უარყოფს. ნატა ამბობს, რომ მის ძმას საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ეძინა, როცა ღამის 3 საათზე სახლში სპეცრაზმელები შევარდნენ. „შევარდნისთანავე გასროლის ხმა მომესმა. იძახდნენ - ერთი დაჭრილი გვყავსო. ოთახში ვყავდით ჩაკეტილები მე, დედა და ბებიაჩემი, მამა ცალკე იყო. ძმა თვალით არ გვინახავს როგორ წაიყვანეს. 3-დან 6 საათამდე გვატყუებდნენ, რომ გვანახებდნენ ძმას. ნუ ნერვიულობთო, კარგად არისო. 10 საათი რომ დაიწყო, წავიდნენ. როცა ოთახში შევედით სისხლი დაგვხვდა. რატომ ესროლეს, არვიცით. ჩემ ძმას არც იარაღი ჰქონდა და არც ხელყუმბარა“, – უთხრა ნატა მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

თემირლან მაჩალიკაშვილმა 9 კლასი დუისის საჯარო სკოლაში დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კოლეჯში გააგრძელა. პედაგოგების ინფორმაციით, ბიჭს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მაჩალიკაშვილების ოჯახს პანკისში დადებითად ახასიათებენ. თემირლანის და ნატა მაჩალიკაშვილი დუსის საჯარო სკოლის მანდატურია.

ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრამ დაძაბულობა გამოიწვია. ადგილობრივები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან „ძალის გადამეტებით გამოყენებას“ აკრიტიკებენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდა კონტრტერორისტულმა ცენტრმა კიდევ 3 პირი დააკავა პანკისის ხეობაში და ერთი თბილისში. დაკავებულები არიან: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი.

სუს-ის განცხადებით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების (ახმედ ჩატაევის ჯგუფი) წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]