„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა, რის შემდეგაც მოხდა გასროლა და ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში დაიჭრა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაჭრილის ოჯახის წევრებს თელავის საავადმყოფოში ესაუბრა, სადაც თ.მ.-ს ოპერაცია უტარდება. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა მძინარე თ.მ.-ს საძინებელ ოთახში შესვლისთანავე ესროლეს, შედეგად, სისხლიანია მისი საწოლი და ბალიში. ოჯახის წევრთა თქმით, ხელყუმბარაც სამართალდამცავებს ეკუთვნოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს.
მნიშვნელოვანია, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პროცესში დაცული იყოს ასევე, მოქალაქეთა – სავარაუდო ეჭვმიტანილთა უფლებები. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები ხელს არ შეუწყობს სამართალდამცველთა მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.