ოთხივე პირს ბრალად ედება წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, რესურსებით უზრუნველყოფა და ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა.
„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს დახმარება გაუწიეს დროებითი საცხოვრებლით, მომსახურებით და აგრეთვე უზრუნველყვეს საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. 2017 წლის 21 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, ბოროტმოქმედებმა განახორციელეს ტერორისტული აქტი, კერძოდ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, მიმდინარეობს გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დანაშაულის ხასიათის, საშიშროებისა და სხვა გარემოებების გთვალისწინებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მიმალვის მომატებული საფრთხეები, რომელთა თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილად მიიჩნია, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულების დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირს დაადასტურებს.
„აღკვეთის ღონისძიების შესახებ საკითხის განხილვა თითქმის 4 საათი გაგრძელდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება. რამდენადაც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს ძალიან მოკლე პროცესია ხოლმე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოსამართლეს გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. საქმეში არ იყო შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც შექმნიდა მაღალი ალბათობის ვარაუდს და საფუძველს, რომ ეს ადამიანები მართლა იყვნენ უშუალო კავშირში დანაშაულებრივ ჯგუფთან“, - განაცხადა რუსლან ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
რაც შეეხება სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ მეხუთე პირს, თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც თავის არეში დაჭრეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. მაჩალიკაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებული. ის თელავის საავადმყოფოდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ დღეს თბილისში გადაიყვანა, ე.წ. "მიხაილოვის" საავადმყოფოში.