weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საია-მ გიგა ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

12:15 პარასკევი, 12 იანვარი 2018

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით, რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან - ე.წ. „მესაზღვრეებთან“. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. აღნიშნულის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]