weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გელა მთივლიშვილმა ირაკლი შიოლაშვილს საქმე უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

22:49 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი) არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრის ირაკლი შიოლაშვილის საკასაციო საჩივარი, რომლითაც ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. გასულ წელს სააპელაციო სასამართლომ კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს დაავალა საჯაროდ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია განზრახ შელახა.

საქმე ეხება ირაკლი შიოლაშვილის მიერ, 2015 წელს საჯაროდ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა გუბერნატორის ოჯახის უკანონო ბიზნესინტერესებზე, 2015 წლის 22 აპრილს ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.

გამოძიება მოგვითხრობს როგორ იყენებდა კახეთის გუბერნატორის ოჯახი საკუთარი საწარმოების მშენებლობის პროცესში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სპეცტექნიკას უფასოდ და ბიუჯეტის ხარჯზე; როგორ ავალდებულებდნენ დასუფთავების სამსახურის მუშებს ანაზღაურების გარეშე ემუშავათ შიოლაშვილის ოჯახის კუთვნილ ნაკვეთებში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ; როგორ გარდაიცვალა გუბერნატორის მამის გენადი შიოლაშვილის მიწის ნაკვეთში შპს „სერვისი 2007“–ის ერთ–ერთი მუშა ნუგზარ ჯინაშვილი და რატომ არ გამოიძია ეს საქმე პოლიციამ; როგორ დაისაკუთრა კახეთის გუბერნატორის მამამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო ქონება; როგორ იყენებდა უსასყიდლოდ გუბერნატორის დედა დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში არსებულ ფართს კომერციული მიზნით.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე ირაკლი შიოლაშვილი საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოსყიდვას ცდილობდა. ჟურნალისტს რამდენჯერმე მიუგზავნა მსხვილი ბიზნესმენი და სთავაზობდა გარიგებას, რაზედაც უარი მიიღო.

გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, 24 აპრილს, გუბერნატორის პრესსამსახურმა გაავრცელა ირაკლი შიოლაშვილის ვიდეოინტერვიუ, სადაც გუბერნატორი აცხადებს, რომ გელა მთივლიშვილი მუქარითა და შანტაჟით ცდილობდა კახეთში მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან გაეფორმებინა კონტრაქტები საინფორმაციო მომსახურეობის თაობაზე.

ამონარიდი ინტერვიუდან: „კიდევ ერთხელ ვამბობ, რა არის ამის [იგულისხმება კრიტიკული დამოკიდებულება შიოლაშვილის მიმართ - რედ] მიზეზი. მიზეზი არის ხელშეკრულებები, მსგავსი ხელშეკრულებები, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში იყო ცალკე გაფორმებული, ყველა საკრებულოში იყო ცალკე გაფორმებული და საერთო ჯამში ეს თანხა შეადგენდა და

ბატონი მთივლიშვილი ღებულობდა იმაზე მეტ შემოსავალს თითქმის ორჯერ, ვიდრე დღეს ღებულობს მოქმედი გუბერნატორი. სწორედ ყოველთვიურად აი ამ თანხის დაკარგვის გამო იყო რამდენჯერმე მუქარა, იყო რამდენჯერმე შემოთვლა, იყო რამდენჯერმე თქმა იმისა, რომ ეს თუ ესე არ იქნება, მაშინ მოიძებნება ალტერნატიული შემოსავლის წყარო, რომელიც იქნება მთლიანად აგებული გუბერნატორის დისკრედიტაციაზე“.

გელა მთივლიშვილმა გუბერნატორს საჯაროდ მოუწოდა, მოეხდინა გავრცელებული არასწორი და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის უარყოფა. სინამდვილეში, 2011–2013 წლებში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმომწერი მხოლოდ თვითმმართველობის რამდენიმე ორგანო იყო და სამი წლის განმავლობაში მომსახურებიდან მიღებული თანხა 28 ათას ლარს არ აღემატებოდა. 2014 წლიდან საინფორმაციო ცენტრების ქსელი ამგვარ მომსახურებას აღარ ეწევა. ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებით კი, გუბერნატორის წლიური ხელფასი 64 900 ლარია. ამ თანხის ორმაგი ოდენობა არის 129 800 ლარი, რაც სამი წლის განმავლობაში 400 ათას ლარს აღწევს.

ამავე დროს, გელა მთივლიშვილმა სასამართლოს წარუდგინა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობა, რომ მის მიმართ გამოძალვის ან მუქარის თაობაზე (ქარტიის მე–11 მუხლის მე–2 ნაწილი) პრეტენზიით გუბერნატორს ან სხვა ვინმეს არასოდეს არ მიუმართავს ქარტიის საბჭოსთვის. ამასთან, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით გუბერნატორს არასოდეს არ მიუმართავს საგამოძიებო ორგანოებისთვის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

ამის მიუხედავად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო კორძაძემ ჟურნალისტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლო მიიჩნია, თითქოს „გუბერნატორის ინტერვიუ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე პასუხს“, რომელიც მოჰყვა გელა მთივლიშვილის სტატიას.

რაიონული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით წახალისებული ირაკლი შიოლაშვილი კვლავ აგრძელებდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას საინფორმაციო ცენტრების ქსელის და მისი რედაქტორის მიმართ სხვადასხვა სატელევიზიო ეთერითაც, როცა ჟურნალისტები მას კითხვებს უსვამდნენ, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე. შიოლაშვილი იმეორებდა, რომ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მის დაშანტაჟებას ცდილობდა თანხის მიღების მიზნით, რაზედაც მან უარი თქვა და ამიტომ იყო გადაკიდებული. ამასთან, ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ საინფორმაციო ცენტრების ქსელს ბოიკოტი გამოუცხადა და ჩვენს ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებდა, არც მაშინ, როცა მისგან კომენტარის მიღებას სხვა ჟურნალისტებთან ერთად ვცდილობდით.

2017 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსამართლე გოდერძი გიორგიშვილის თავმჯდომარეობით, შეცვალა თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება და ირაკლი შიოლაშვილს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაავალა.

გელა მთივლიშვილის ინტერესებს რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნათია კაპანაძე იცავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]