weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

0,3726 გრამი სუბოტექსის ფლობისთვის გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

21:04 სამშაბათი, 23 იანვარი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) 0,3726 გრ. ბუპრენორფინის ფლობისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალდების თანახმად, გიორგი გიორგანაშვილმა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" (სუბოტექსი) შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი, რაც 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

სასამართლოს განმარტებით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება და ის გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ იყო, მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სხვა პირისთვის და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი, სასჯელის სახით 8-დან 20-წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გიორგანაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, პოლიციელებმა ნარკოტიკი მას შემდეგ ჩაუდეს, როცა უარი თქვა, მესამე პირზე მიეთითებინა, როგორც ნარკოტიკის გამსაღებელზე. ამ მიზეზით მან საპროცესო გარიგებაზეც უარი თქვა.

გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დღეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა. აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

სასამართლოს ინფორმაციით, სხდომაზე დამსწრე ორმა პირმა დაარღვია წესრიგი, კერძოდ სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით აგური ისროლა, რის შედეგადაც ცენტრალური შესასვლელის მინა ჩაიმსხვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინის ჩამსხვრევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]