weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქობულეთის მუსლიმ მოსწავლეთა პანსიონატის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

13:05 პარასკევი, 02 თებერვალი 2018

ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

სტრასბურგის სასამართლოში განაცხადი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ და ქობულეთში მცხოვრები 7 მუსლიმი პირის სახელით გაიგზავნა.

განმცხადებლები სასამართლოში სადავოდ ხდიან ევროპული კონვენციის იმ მუხლების სავარაუდო დარღვევას, რომლებიც ეხება დისკრიმინაციის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას, რელიგიის თავისუფლებას, საკუთრების და განათლების უფლებას. ეროვნულ დონეზე არაეფექტიანი გამოძიების ნაწილში განმცხადებლები ასევე უთითებენ კონვენციის მე-13 მუხლის (უფლება დაცვის ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზეც.

EMC-ის განცხადებით, 2014 წლის სექტემბრიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო, მუსლიმი თემი ქობულეთში მოსწავლეების პანსიონატის გახსნას ვერ ახერხებს:

პანსიონატის გახსნაზე პროტესტის გამოსახატად ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 2014 წლის 10 სექტემბერს შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს და შენობის კარზე მისი თავი ჩამოკიდეს. 15 სექტემბერს, როდესაც პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა, მართლმადიდებლებმა 24-საათიანი მორიგეობა და პანსიონატში შესვლის პროცესზე კონტროლი დააწესეს.

მოსარჩელეთა განცხადებით, პროტესტი 2014 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა, ვიდრე პანსიონატი ბოლო მოსწავლემაც არ დატოვა.

EMC -ის თქმით, მუსლიმი თემის წინააღმდეგ განხორციელებული ხანგრძლივი დევნის დროს ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა სამინისტროს როლი არსებითად მხოლოდ პასიური დაკვირვებით შემოიფარგლებოდა. საქმეზე არსებობს სამივე ინსტანციის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პანსიონატის გახსნის ხელშეშლას კერძო პირების მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის კვალიფიკაციას აძლევს. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა არ აღიარეს შსს-ს პასუხისმგებლობა უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ინდივიდუალური უფლებების აღდგენის გარდა, სახელმწიფოს დაეკისრება ვალდებულება აღმოფხვრას ტენდენცია, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული ძალადობის შეწყნარებას და ამ ფაქტების არაეფექტურ გამოძიებას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]