weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია კანონმდებლობას ეწინააღმდეგება - სახალხო დამცველი

21:57 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

2018 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს.

5 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩაბუქის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ წარდგენილი ბრალდება ბუნდოვანი ხასიათისაა და არაგანჭვრეტად ნორმას ეფუძნება. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა წაერთვათ.

მისივე თქმით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დიდი ალბათობა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატთან კონფიდენციალური წვდომის უფლება და ასევე ვერ სარგებლობენ სხვა მნიშვნელოვანი გარანტიებით.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში შემაშფოთებლად მაღალია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. წამების სისტემური შემთხვევების მიუხედავად, მათი გამოძიება არ ხდება, ხოლო მსხვერპლები ხშირად უკვალოდ უჩინარდებიან.

სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეში თურქეთის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დიპლომატიური გარანტიები არ უნდა იქნას გაზიარებული. ისინი არ პასუხობს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სამართლებრივ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ანალოგიური ბრალდებით ძებნილი პირების გადაცემაზე ერთხმად ამბობენ უარს, ხოლო ამავე სახელმწიფოთა სასამართლოები არასანდოდ მიიჩნევენ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილ დიპლომატიურ გარანტიებს.

ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების იმპერატიულ დანაწესებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ეძებენ. ჩაბუქი საქართველოში ოჯახთან ერთად 2002 წლიდან ცხოვრობს. ის 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ მას უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]