რებეკა ჰარმსის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ჩაბუქი ციხეში არ უნდა იყოს.
„მუსტაფა ემრე ჩაბუქის სანახავად ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო ციხეში. გულნატკენი ვარ იმით, რომ ის ისევ ციხეშია. აქ გასული წლის ივლისში ვიყავი, ახლა კი 2018 წლის თებერვალია. მისი საქმე კვლავ განხილვის პროცესშია. მე აქ ვარ, როგორც სტუმარი ევროპარლამენტიდან. რაც უფრო მეტს ვესაუბრები მის მეგობრებს, კოლეგებსა და მოსწავლეების მშობლებს, ვრწმუნდები, რომ ისაა მასწავლებელი და არა ტერორისტი. მე უნდობლობას ვუცხადებ ყველა ბრალდებას მის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ თურქეთში მისი ექსტრადირება არ მოხდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში სამართლიანი სასამართლოს არანაირი შანსი არ ექნება.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ეძებენ. ჩაბუქი საქართველოში ოჯახთან ერთად 2002 წლიდან ცხოვრობს. დაკავების შემდეგ საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ მას უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რაც სასამართლომ ძალაში დატოვა. 2018 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე. სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ 19 თებერვალს გამოაცხადებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლომ უნდა თქვას, აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უფლება ესა თუ ის პირი გადასცეს იმ ქვეყანას, რომელიც მის გადაცემას ითხოვს. „თუ სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს ამის უფლება არ აქვს, კანონის მიხედვით, ასეთი საქმე იხურება და საკითხი აღარ განიხილება. თუ სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს აქვს ამ პირის გადაცემის უფლება, შემდეგ უკვე საქმის მასალებზე, მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე დაყრდნობით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ არ ვიცი რა იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი არ გამორიცხავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს, თუ ქართული სასამართლო თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას დასაშვებად ცნობს.
ამ თემაზე:
შეისწავლეთ მუსტაფა ჩაბუქის მიმართ თურქეთში შესაძლო წამების რისკი - სახალხო დამცველი