weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელთა ასაკობრივი შეზღუდვა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

13:41 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

საკონსტიტუციო სასამართლო 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა გუჩა კვარაცხელიას, ელიზბარ ჯაველიძისა და სხვების (სულ 17 მოსარჩელე) სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად 70 წელს გადაცილებულ პირთა არჩევის აკრძალვა.

მოსარჩელეები ითხოვდნენ „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ადგენს, რომ აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება 70 წელს გადაცილებული პირის არჩევა. 

მოსარჩელე მხარის მითითებით, 70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მქონე აკადემიკოსებს, მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე ეზღუდებათ ამ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლება, რაც იწვევდა მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. 

მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ცნო კონსტიტუციური სარჩელი და აღნიშნა, რომ ასაკობრივი ზღვრის დაწესება ზოგადად არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, თუმცა, ვინაიდან აკადემიკოსთა უმრავლესობის ასაკი აღემატება 70 წელს ან მიახლოებულია მასთან, ხოლო, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დაიშვება მხოლოდ აკადემიკოსის არჩევა, შესაძლოა მომავალში გართულდეს დასახელებულ თანამდებობებზე არჩევა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობს სახელმწიფო ფუნქციის სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმური ინტერესი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ასაკოვანი პირების დაცვა დისკრიმინაციისაგან. 

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამ თანამდებობებზე საქმიანობის განხორციელება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან. მეტიც, მეცნიერებათა აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასახელებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც ასაკის მატებასთან ერთად დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება თუ ინსტიტუციური მეხსიერება. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ახდენდა არსებითად თანასწორ პირთა დისკრიმინაციას და ცნო იგი არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]