weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს

22:55 შაბათი, 24 თებერვალი 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს ზეწოლაში და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ირაკლი შავაძეს თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. შავაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო და დავით მამისეიშვილს უკავშირდება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ გასაუბრება გაიარა 50-მა პირმა და 50-ვე პირი კეთილსინდისიერების და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. მოგეხსენებათ, რომ მოსამართლის უვადოდ გამწესება სწორედ ამ ორი კრიტერიუმის შეფასებით ხდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მე უარი მეთქვა. თუ ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების, კვალიფიციურობის კრიტერიუმებს, მაშინ რატომ არ მოხდა ჩემი უვადოდ გამწესება? ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ მე არა ვარ „კოლექტიური მურუსიძე“, რომ მე არ გავიზიარე დავით მამისეიშვილის მითითებები“, - აღნიშნა ირაკლი შავაძემ აჭარის ტელევიზიასთან საუბარში.

მისივე თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მის მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

„პირველივე დღესვე, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავიწყე მუშაობა, განმიცხადა - ჩვენ აქ ვართ ერთი გუნდი, ან იქნები ჩვენთან ერთად, ან იქნები მარტო, გარიყუილი. მისი სურვილი იყო, რომ ჩემს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინადა მისი კარნახის მიხედვით მიმეღო. ძალიან ცუდ სიტუაციაში მიწევდა მართლმსაჯულების განხორციელება. აბსოლუტურად შეგნებულად ხელს მიშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებაში: დარბაზების პრობლემას და სხვადასხვა სირთულეებს მიქმნიდა“, - ამბობს ირაკლი შავაძე და მაგალითად კონკრეტული საქმე მოჰყავს.

„ზაზა ართმელაძე იყო ბრალდებული, რომელსაც დავით მამისეიშვილმა პატიმრობა თავად შეუფარდა. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს საქმე მე შემხვედროდა და ამავდროულად მოაყოლა დირექტივა. განაცხადა, რომ თვითონ ფიქრობდა, ართმელაძისთვის ჯერ კიდევ წინასასამართლო სხდომაზე შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მაგრამ ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ ზაზა ართმელაძის ადვოკატი და და, თბილისში, როცა მოსამართლეთა კონფერენციამიმდინარეობდა, ჩასულან და რაღაც პლაკატები გაუშლიათ მის საწინააღმდეგოდ. ამაზე ის დაბოღმილი იყო და მითხრა, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობა არ უნდა შემეცვალა. ეს იყო მისი პირადი გაბრაზება ბრალდებულის დის და ადვოკატის მიმართ. ზაზა ართმელაძე არ დავტოვე განგრძობად პატიმრობაში.

დავით მამისეიშვილი ყოველთვის აქცენტს აკეთებდა, რომ ლევან მურუსიძე და ლევან თევზაძე  მისი შვილის ნათლიები, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მისი მეგობრები, ძმაკაცები იყვნენ და თუ ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც მას უნდოდა, მე შემექმნებოდა პრობლემები.

როგორც წესიერ ადამიანს, რომელსაც სამართლებრივად უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, სხვაგვარად არ შემეძლო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს იყო მისი პირადი ბოღმიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი შავაძემ.

მოსამართლის თქმით, დავით მამისეიშვილმა უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები შეითავსა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან სისხლის სამართლის კოლეგიაში გადაიყვანა.

ირაკლი შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2016 წლის იანვარში დაინიშნა, თუმცა დავით მამისეიშვილმა მას სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილებები დააკისრა.

„იმედია, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან მისი საქმიანობით. დავით მამისეიშვილის ქმედებებში ვხედავ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მის ქმედებში ვხედავ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ბოროტად გამოყენების ნიშნებს. მან შეითავსა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები და დამაკისრა სისხლის სამართლის კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ორი წლის განმავლობაში მე ადმინისტრაციული საქმე არ განმიხილავს. მას ამის უფლება არ ჰქონდა“, - ამბობს მოსამართლე.

ირაკლი შავაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის უკანაც დავით მამისეიშვილი დგას.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებით, ის შეკვეთით დაწერილი საჩივრები, რაც იყო ჩემს მიმართ, არ იყო დისცპილინარული დევნის შემცველი საკითხები. შეწყვიტა დევნა, მაგრამ საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სადაც მოსამართლე წევრები არიან, მხარი არ დაუჭირა შეწყვეტას. ეს არის სიძულვილის ენით დაწერილი საჩივრები. 37 წელი რომ ყოფილიყო, ალბათ დამხვრეტდნენ ისეთი რაღაცეები წერია იქ“,- განაცხადა მოსამართლემ.

ამ ნაწილში ირაკლი შავაძე დახმარებას სთხოვს საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“.

„ჩაერთონ ჩემს საქმეებში და გახადონ ეს ყველაფერი საჯარო, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს ჩემს წინააღდეგ ორკესტრირებული მოქმედება იყო აჭარის პროკურატურაში ადეიშვილის ნარჩენების მხრიდან. დიდი ცდის მიუხედავად 4 თუ 5 საჩივარი მოაგროვეს ჩემს წინააღმდეგ. საჩივარი დააწერინეს პროკურორსაც, მაგრამ ხელშესახები ვერაფერი ვერ ნახეს იმისთვის, რომ ჩემს მიმართ დისციპლინარული დევნა განხორციელდეს“, - განაცხადა მოსამართლემ.

ირაკლი შავაძის ბრალდებებს დავით მამაისეიშვილი არ პასუხობს. მისი განმარტებით, სამოსამართლეო ეთიკით და მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების შესახებ კანონით,რაიმე კომენტარის გაკეთება კონკრეტულად მოსამართლესთან დაკავშირებით აკრძალული აქვს.

„ნახეთ კანონი საერთო სასამართლოების შესახებ და მიხვდებით, რომ სასამართლოს თავმჯდომარე მოქმედებდა კანონის შესაბამისად. კანონი მიკრძალავს, რაიმე ტიპის განმარტება გავაკეთო და უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიო რომელიმე მოსამართლე. არ მინდა დისციპლინური დევნის ობიექტი გავხდე“,- აცხადებს დავით მამისეიშვილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 22 თებერვალს, კენჭისყრის საფუძველზე გაამწესა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]