weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ინსპექტორმა ზვიად რატიანის საქმეზე შს სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო

12:49 პარასკევი, 02 მარტი 2018

ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო.

2018 წლის 11 იანვარს, EMC-იმ განცხადებით მიმართა ინსპექტორს და მოითხოვა ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შემდეგი გარემოებების კანონიერების შესწავლა: პოლიციელების მიერ ზვიად რატიანთან კომუნიკაციის პირადი მობილური ტელეფონით გადაღება; ზვიად რატიანის შესახებ მობილურით გაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა;

2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, ინსპექტორმა ორივე საკითხთან დაკავშირებით შსს სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

პირადი მობილურის გამოყენებით კომუნიკაციის აღბეჭდვასთან დაკავშირებით, ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ზვიად რატიანი შეჩერებული იყო სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. რეიდის) ფარგლებში. ამდენად, შსს-ს ვიდეოგადაღების პროცესი „პოლიციის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა ეწარმოებინა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მობილური ტელეფონი (მათ შორის თანამშრომლის მფლობელობაში არსებული) არ შეესაბამება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებითაც ნებადართულია ვიდეოგადაღება, მათ შორის სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს.“ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს ვიდეოგადაღება. ამ საშუალებების ჩამონათვალში კი მობილური ტელეფონი არ შედის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ინსპექტორის გადაწყვეტილება დამატებით მიუთითებს, რომ მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებისა და შემდგომში მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგულაცია შემუშავებული არ არის.

ინსპექტორის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა სასამართლო პროცესის ვიდეოჩაწერის უფლებამოსილება, რაც ავტომატურად არ გულისხმობს მხარეების მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების მიღების უფლებას. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება სახის დაფარვითა თუ მის გარეშე ვერ იქნება მიჩნეული საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან აღნიშნული მიზანი მიიღწეოდა ამ მოცულობით მონაცემთა დამუშავების (ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება) გარეშე, საზოგადოების ინფორმირების გზით.“

პირადი მობილურით გადაღების წარმოების საკითხზე EMC-ის ასევე მიმართული ჰქონდა შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის. გენერალურმა ინსპექციამ იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობის გარეშე, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება, დაასკვნა, რომ პოლიციელთა მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]