weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჟურნალისტები პარლამენტს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ

13:08 ორშაბათი, 26 მარტი 2018
ჟურნალისტები პარლამენტს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ ფოტო © პირველი არხი

მედიის წარმომადგენლებმა „პირველი არხის“ ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. მიმართვის ავტორების თქმით, მამუკა ბერძენიშვილი „სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლია და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს“. ჟურნალისტები პარლამენტს მოუწოდებენ, კანონში ცვლილებები შევიდეს და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა შეცვალოს.

„გასული წლის 29 ივნისს, ჩვენი კოლეგა, „პირველი არხის“ მონტაჟის ყოფილი რეჟისორი, მამუკა ბერძენიშვილი 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის ე.წ. ემდეემას პირადი მოხმარებისთვის შეძენა, შენახვის ბრალდებით დააკავეს და დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს, რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. იმის ფონზე, რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში 6-დან 8 წლამდე მიდიან, წამებისთვის 7-დან 10 წლამდე, მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება 6 წლით დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობის შეფარდება, სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური და არაადამიანური ნაბიჯია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია კანონში დოზირებების განსაზღვრა, რათა ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა განსაკუთრებულად დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს.

ასევე, მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ კანონებში ცვლილებების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება.ამასობაში კი, უსამართლოდ ათასობით ოჯახი უბედურდება.

ვადასტურებთ, რომ მამუკა ბერძენიშვილი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, ძალიან უკონფლიქტო, დადებითი პიროვნება და მისი ადგილი პენიტენციალურ დაწესებულებაში ნამდვილად არ არის.

მამუკა ბერძენიშვილი საზოგადოებისთვის და არცერთი ადამიანისთვის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მოვითხოვთ, პირველ რიგში პარლამენტისგან, კანონში დაუყოვნებლივ ცვლილებებს და პრეზიდენტისგან მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახსა და მეგობრებს“, – აღნიშნულია მიმართვაში.

კანონპროექტის განხილვა, რომელიც ნარკოპოლიტიკის რეფორმას ითვალისწინებს, პარლამენტში ორი თვით, მაისამდე გადაიდო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]