საია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს და პროკურატურას დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ში განვითარებული მოვლენები.
2018 წლის 15 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ გაავრცელა საჯარო განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რაც, მისი თქმით განპირობებული იყო მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მიერ მასზე ზეწოლის განხორციელების გამო.
თამარ ბაგრატიას განცხადებით, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ჯერ სთხოვა, ხოლო შემდეგ კატეგორიულად მოსთხოვა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის - თემურ მთივლიშვილის დანიშვნა.
საიას შეფასებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის უკონკურსოდ დანიშვნა სამართლებრივად არასწორი იქნებოდა.