weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2017 წელს საწარმოებში უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი

12:35 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, 2017 წელს საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. სახალხო დამცველის განცხადებით, 2017 წელს უმთავრეს გამოწვევად რჩებოდა შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანოს არარსებობა.

საგულისხმოა, რომ ეფექტიანი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღისწესრიგით განსაზღვრული ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ამასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა ასახოს და პრაქტიკაში განახორციელოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციები, რომლებიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, იქონიონ შრომის ინსპექციის სისტემა მრეწველობასა დავაჭრობის სფეროებში, არაკომერციულ სექტორში და სოფლის მეურნეობის სფეროში.

სახალხო დამცველი ამ კუთხით, წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას, რომლითაც იქმნება შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმი.

„მისასალმებელია, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება სანქციების გამოყენების უფლებამოსილება, თუმცა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, ზედამხედველობის ორგანოს კვლავ არენიჭება დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი. სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული პრინციპული შენიშვნები გაუთვალისწინებელი დარჩა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 შემთხვევაში.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევებზე დროული დაეფექტური გამოძიების წარმოების აუცილებლობას.

საინტერესო მონაცემები გამოიკვეთა საქალაქო და რაიონული სასამართლოებიდან გამოთხოვილი საბოლოო გადაწყვეტილებების შესწავლის შედეგად. 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, დაუბრუნდა რაიონულ პროკურატურას. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]