weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში

14:48 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

„გასული საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში, ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება, სახალხო დამცველის განხილვის საგნად კვლავ აბრუნებს სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს.

„სიცოცხლის უფლება ამ საქმეში დაცული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებს - ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები შესაძლოა სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ“.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე უთითებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ეფექტიანი გამოძიება, რომელსაც მოითხოვს მე-2 მუხლი, განამტკიცებს საზოგადოების რწმენას, რომ ხელისუფლებას ძალუძს უზრუნველყოს სამართლის უზენაესობა. როდესაც საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების ან სახელმწიფო ორგანოების ხელი ურევია, უზრუნველყოს, რომ მათ პასუხი აგონ თავიანთი ქმედებებისათვის, რომლებსაც შედეგად ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. გამოძიების დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესახები ელემენტის გულმოდგინე, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს“.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა დღევანდელი მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა მასთან ბრძოლის პარალელურად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად რჩება.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2017 წლის ივლისის რეკომენდაცია კვლავ ახსენებს სახელმწიფოებს, რომ მძიმე დანაშაულებთან და მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლისას, აუცილებელია პროპორციულობის დასაფუძვლიანობის გათვალისწინება.

სახალხო დამცველის თქმით, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იგეგმებოდა/ტარდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე პირის დაკავების ოპერაცია. განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს დაკავების თაობაზე სასამართლოს განჩინების მიღებიდან ოპერაციის ჩატარებამდე შემუშავებული დაკავების გეგმა დაოპერაციაზე კონტროლი.

„ამ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ნათელი გახდება, გაითვალისწინა თუ არა ოპერაციის ჩამტარებელმა უწყებამ ძალის პროპორციული გამოყენებისთვის ყველა შესაძლებლობა, რათა გამოუსწორებელი შედეგი – სიკვდილი აერიდებინა თავიდან. სწორედ ეს საკვანძო ფაქტორი განსაზღვრავს მთლიანობაში სახელმწიფოს მიერ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვის ხარისხს – ეფექტიანი გამოძიებით დაადგენს თუ არა სახელმწიფო იმას, რამდენად იმოქმედეს მისმა წარმომადგენლებმა კანონით განსაზღვრული მკაცრი აუცილებლობით.

გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ასევე, უშუალოდ ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედების გარემოებების დეტალური შესწავლა, და მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაფრთხილების საკითხის დადგენაც.

გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან ერთად, ასევე, მნიშვნელოვანია მისი საფუძვლიანობის შესწავლაც - რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ მოცემული საქმის გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანია უშუალოდ იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების (დოკუმენტები, ნივთიერი მტკიცებულებები) შესწავლა და გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება იგეგმებოდა. აუცილებელია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მსხვერპლის ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება და გამოძიების პროცესში იმ მოცულობით ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 23 იანვრის წერილის თანახმად, ადვოკატმა განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურას თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, რაზეც უარი ეთქვა, თუმცა შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მთავარი პროკურორი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდა და მიეწოდათ ინფორმაცია გამოძიების თაობაზე. ამასთან, ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებული საქმის მასალებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია, დადგინდეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროულობა და ხარისხი.

მშობლების განმარტებით, გასროლის შემდეგ ისინი ოთახში ჩაკეტეს და დაჭრილის სახლიდან გაყვანა არ უნახავთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 23 თებერვლის წერილის თანახმად, სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადგილზე გამოიძახეს, მაგრამ ბრიგადის მისვლამდე, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების მიზნით გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 8 თებერვლის წერილის თანახმად, „112“-ზე 26 დეკემბერს, 04:17 საათზე (განმეორებით, 04:20, 04:30, 04:37, 04:43 საათზე) შესული სატელეფონო შეტყობინებით, სოფელ ომალოში მოქალაქეს ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება.

სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ 2018 წლის 28 თებერვლის წერილის თანახმად, გამოძახებაზე გასულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 04:26 საათზე, პაციენტი გზაზე შეახვედრეს.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე.

საქართველოს სახალხო დამცველს, საგამონაკლისო წესით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალების გაცნობაზე პროკურატურამ უარი უთხრა, თუმცა მიაწოდა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

სახალხო დამცველი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პროკურატურას: გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით შეისწავლოს - თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი; სპეცდანიშნულების რაზმის გეგმა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებამდე; თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; გამოყენებული სამედიცინო დახმარების დროულობა და ხარისხი; დამკავებელი პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კანონიერება; უზრუნველყოს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

ამასთან, სახალხო დამცველი ითხოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეიმუშავოს ტერორისტულ დანაშაულებთან ბრძოლის სპეცოპერაციების დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ძალის გადამეტების რისკს და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, გვიან ღამით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, საკუთარ საძინებელ ოთახში, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. ორი კვირის განმავლობაში დაჭრილი კომატოზურ მდგომარეობაში რეანიმაციაში იყო მოთავსებული. ის 10 იანვარს გარდაიცვალა. ექიმების თქმით, პაციენტს გული გაუჩერდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილსაც, თუმცა მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მომდევნო დღეებში იგივე ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. მათ პატიმრობა აქვთ შეფარდებული. სასამართლო საქმეს დახურულ პროცესებზე განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]