weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გორში პოლიციელებთან ჩხუბის გამო დაკავებულ ახალგაზრდებს პატიმრობა შეუფარდეს

17:32 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018
გორში პოლიციელებთან ჩხუბის გამო დაკავებულ ახალგაზრდებს პატიმრობა შეუფარდეს ფოტო © Qartli.ge

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ 8 აპრილს, პოლიციელებთან მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებულ ექვს ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბრალდებულებმა პოლიციელების მიმართ აგრესია გამოხატეს, რაც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. ერთ-ერთ ახალგაზრდას 4 პოლიციელის ცემას ედავებიან.

ადვოკატების თქმით, ახალგაზრდების მხრიდან პოლიციელებზე ძალადობა არ დასტურდება. როგორც დაცვის მხარემ აღნიშნა, არცერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა არ არსებობდა.

პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ჩხუბი 8 აპრილს, გვიან ღამით, სადგურის დასახლებაში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდები სკვერში სვამდნენ და აღდგომას აღნიშნავდნენ, რა დროსაც მათთან სამართალდამცავები მივიდნენ და უხეშად მოსთხოვეს სკვერში ქეიფი შეეწყვიტათ და საზოგადოებრივი წესრიგი დაეცვათ, რასაც შეკამათება მოჰყვა, მალევე კი ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს დაზიანდა პოლიციის ავტომობილები.

ინციდენტის შემდეგ, გორის პოლიციის სამმართველოს შენობაში კიდევ სამი ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პოლიციის განმარტებით, ისინი ჩხუბში მონაწილეობდნენ, თუმცა მათი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გორის სამმართველოში მივიდნენ და სამართალდამცავებმა იცნეს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ჩხუბის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, პოლიციის სამმართველოში კი მეგობრების და ოჯახის წევრების მდგომარეობის გასაგებად მივიდნენ. ისინი სასამართლო დარბაზიდან 9 აპრილს გაათავისუფლეს. მოსამართლემ პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა დაავალა.

რაც შეეხება 6 ბრალდებულს, მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციის მიმართ ჯგუფურ წინააღმდეგობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]