weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოხის მეჩეთის საქმეზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართეს

12:48 პარასკევი, 13 აპრილი 2018

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ადგილობრივი მუსლიმების სახელით, მოხის ისტორიული მეჩეთის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს - გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა.

EMC კომიტეტს გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის შესაბამისი მუხლების დარღვევის დადგენას სთხოვს. საჩივარში EMC რესტიტუციასთან (საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნება) დაკავშირებულ დისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და პოლიტიკას აკრიტიკებს. EMC ისტორიული შენობის წარმომავლობაზე დავის გადაჭრის მიზნით სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის არაეფექტიანობაზეც უთითებს.

მოხეში მდებარე ისტორიული შენობის გადმოცემას სახელმწიფოსგან ადგილობრივი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვდა. 2014 წლის 18 ოქტომბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუსლიმების პროტესტი მოჰყვა, რაც პოლიციამ 14 მათგანის დაკავებით შეწყვიტა.

„აღნიშნული მოვლენების შემდეგ საპატრიარქომ შენობის კონფესიურ კუთვნილებაზე პრეტენზია პირველად გამოთქვა. საპატრიარქო შენობის ქრისტიანულ წარმომავლობის მტკიცების დროს სხვადასხვა ვერსიას იყენებდა, რომლებიც ვალიდური ისტორიული წყაროებით გამყარებული არ იყო. შესწავლის გარეშე, მხოლოდ საპატრიარქოს დაუსაბუთებელი და ამავდროულად კონტრავერსიული განცხადების საფუძველზე, შენობა მთავრობამ სადავო ნაგებობად მიიჩნია.

2014 წლის დეკემბერში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც შენობის კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა. თუმცა, 2 წლის შემდეგ, 2017 წლის 11 მაისს კომისიამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც უარი თქვა შენობის კონფესიური წარმომავლობის შესწავლაზე, შენობას სადავო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა და ადგილობრივ მუსლიმ თემს, სოფელში ახალი მეჩეთი აუშენა. მუსლიმი თემის ნაწილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ისტორიული შენობის გვერდით ღია ცის ქვეშ ამ დრომდე აგრძელებს ლოცვას.

სახელწიფოს მიერ სათანადო შესწავლის გარეშე ისტორიული შენობის სადავო ნაგებობად გამოცხადება და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ სამართლებრივი მოწესრიგების გვერდის ავლით, პროცესის პოლიტიკური პერსპექტივით გადაჭრის მცდელობა, სახელმწიფოს პოლიტიკის თვითნებურობაზე უთითებს და სხვა მსგავსი დავების გადაჭრის ნეგატიურ პრეცედენტს ქმნის. საჩივარში EMC უფრო ფართედ მიმოიხილავს რესტიტუციის კუთხით სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წინაშე მდგარ გამოწვევებს და ცდილობს კომიტეტს პრობლემის სისტემურობა და მისი სოციალური და უფლებრივი ეფექტი აჩვენოს. საჩივარში მიმოხილულია მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზები“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

მოსარჩელეები დავობენ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-2 მუხლის პირველი (პაქტში აღიარებულ უფლებების თანასწორად დაცვის ვალდებულება) და მესამე პუნქტების (სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე უფლება), მე-18 (რელიგიის თავისუფლება), 26-ე (თანასწორობის უფლება) და 27-ე (უმცირესობების მათ შორის რელიგიურის დაცვის უფლება) მუხლების დარღვევაზე.

კომიტეტის წინაშე დავის მოსარჩელეების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიეცემა მითითება, შეიმუშავოს თანასწორობის დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული რესტიტუციის პოლიტიკა და ასევე, ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოს რელიგიურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სამართლიანი მექანიზმის ფუნქციონირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]