weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზვიად ქორიძე – რატომ მიიღო შეწყალების კომისიამ სამინისტროდან დადებითი დასკვნა

19:00 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

„გვიჩნდება კითხვა – შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით რატომ მიიღო დადებითი დასკვნა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან“, – აცხადებს შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძემ დეტალურად განმარტა ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის და ყოფილი მსჯავრდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საფუძვლები.

„ვეფხია ბაქრაძე თავდაპირველად სასჯელს იხდიდა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ - თბილისის მეთორმეტე დაწესებულებაში. სწორედ იქიდან გამოიგზავნა საბუთები კომისიაში. გამოგზავნილი დახასიათების თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებული არც დასჯილი ყოფილა და არც წახალისებული. იგი იცავდა დაწესებულების დებულებას, დაწესებულების დღის განრიგსა და სამართლებრივ რეჟიმს. ის ასრულებდა ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართებაში ის იყო თავაზიანი, არ იყო კონფლიქტური და აგრესიული.

სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკის განმარტებით, ბაქრაძეს აქვს საშუალო განათლება. მან დაამთავრა თბილისის ერთ-ერთი საჯარო საშუალო სკოლა. არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. იგი ხშირ ვიზიტებს ახორციელებს დაწესებულების ბიბლიოთეკაში და უყვარს კითხვა. ის კითხულობს სხვადასხვა ლიტერატურას, ესწრება დაწესებულებაში გამართული ფილმების ჩვენებებს, ვარჯიშობს დაწესებულებაში არსებულ ტრენაჟორებზე.

ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ბაქრაძეს ჩაუტარდა რამდენიმე ინტერვიუ და იგი განსაკუთრებული რისკფაქტორის გარეშეა. მსჯავრდებულს მიღებული აქვს საშუალო განათლება, გარეგნულად მოწესრიგებულია. ინტერვიუირების პროცესში მშვიდი და გაწონასწორებულია, არ ქმნის დაწესებულებაში კონფლიქტურ სიტუაციებს, გამომუშავებული აქვს დროის მართვის უნარები, კითხულობს ბევრს, აქვს სამუშაო გამოცდილება და აწარმოებს ადეკვატურ კომუნიკაციას. მისი ძირითადი მოტივატორი არის ოჯახი და მასზე ზრუნვა. ის ავლენს კოგნიტური უნარების ნორმალურ ხარისხს, საკუთარი შესაძლებლობების შეფასებების კონტექსტში ადეკვატურად საუბრობს სამომავლო გეგმებზე. მსჯავრდებული დანაშაულის შეფასებისას ადეკვატურია, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს თავის ქცევას, ვლინდება პასუხისმგებლობის განცდა.

ამასთან ერთად იყო სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გეტყვით, რომ მართლა არ ფიქსირდება არანაირი ისეთი დაავადება, რომელიც იყო სულიერი აშლილობის, ან სხვა ფსიქოლოგიური ხასიათის. ეს იყო დახასიათებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ განაჩენებთან ერთად. ასევე გავეცანით იმ განცხადებას, რომელიც შემოსული იყო პრეზიდენტის სახელზე და რომლის საფუძველზეც დაიწყო შეწყალების პროცედურა.

შეწყალების პროცედურა პირველად 2015 წლის ივლისის კომისიაზე იხილებოდა. მაშინ შეწყალების კომისიამ უარყოფითი დასკვნა გასცა პრეზიდენტთან. რაც შეეხება 2016 წლის ოქტომბერს, ამ დროს კომისიამ მიაწოდა დადებითი რეკომენდაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც გვქონდა ჩვენ. პრეზიდენტმა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს მაშინ გაუნახევრა. წელიწადი და ორი თვე იყო დარჩენილი სასჯელის ამოწურვამდე, 2017 წლის 28 დეკემბერს უნდა დაეტოვებინა მას დაწესებულება, მაგრამ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2017 წლის 25 მაისს.

ჩვენც გვაქვს ეს ეჭვი, რომ თუ ამ გადაწყვეტილების შემდგომ, ანუ როდესაც პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს, მას საპატიმროდ მოსახდელად დარჩა შვიდი თვე და მას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ უკვე ვადის გასვლამდე მიემართა დადგენილი წესისა და დებულების შესაბამისად პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის.

ეს ექვსი უარი ნიშნავს იმას, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვეფხია ბაქრაძე მიმართავდა უდო-ს კომისიას და ექვსჯერვე მიიღო უარი და როგორც გუშინ მოვისმინეთ, საჯაროდ სამინისტროს წარმომადგენელის მხრიდან, ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას.

მაშინ გვიჩნდება კითხვა, რომ თუ უარყოფითად ხასიათდება ეს მსჯავრდებული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რვა თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა ასე დადებითად და რატომ მოგვივიდა ჩვენ ასეთი დასკვნა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან? რა, ეს განგებ გააკეთეს?“, აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

50 წლის ვეფხია ბაქრაძე ბრალდებულია გერის, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის განზრახ მკვლელობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 13 აპრილს, ბრალდებულმა ქალი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბრალდებული პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ (ე.წ. უდოს კომისია) 6-ჯერ უთხრა უარი პატიმარ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დანაშაულის ხასიათიდან და იმ რისკიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა კვლავ ჩაედინა მსგავსი დანაშაული, პატიმარი არ აკმაყოფილებდა გათავისუფლებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]