weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი ონიანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

17:51 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ მსჯავრდებულ გიორგი ონიანსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორის განცხადებით, შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის, რომ მსჯავრდებული ბრალს აღიარებს.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ონიანი სასჯელის 2 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი იქნება.

„უცვლელი დარჩა გიორგი ონიანისადმი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შეიცვალა მისი მოხდის პირობა. გიორგი ონიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2 წელს გაატარებს და ამ ვადის ათვლა 2017 წლის 7 ნოემბრიდან დაიწყება. დარჩენილი პერიოდი კი ჩაეთვლება პირობითად“, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

გიორგი ონიანის ადვოკატმა ელენე ლაზარიაშვილმა დაადასტურა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა ნებაყოფლობით შედგა.

„ეს იყო ის, რაც პროკურატურამ შესთავაზა ონიანს და არსებული რეალობიდან გამომდინარე, ის ამას დათანხმდა. უშუალოდ ჩემი, იურისტის პროფესიული აზრია, რომ ამ საკითხზე ღირდა ბოლომდე ბრძოლა და ის წარმატებით დასრულდებოდა საქართველოს რეალობაში თუ არა, საერთაშორისო ასპარეზზე მაინც“, – აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი ონიანს 2017 წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. პროკურატურა თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ონიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ სიყალბეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ასევე პოლიტიკურ დევნასა და განზრახ უკანონო დაკავებას ედავებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს, გიორგი ონიანმა უკანონოდ დააკავა შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი. კომპანია „ქართული ოცნების“ ლოგოიან მაისურებს ამზადებდა. პროკურატურის განცხადებით, ამ შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]