„ის რომ დღეს მე ვერ გამტეხეს და არ მეშინია, ეს თქვენი, ხალხის დამსახურებაა, თქვენი გვერდში დგომის. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ უსამართლობაზე თვალს არ დავხუჭავთ, რომ ერთად ვართ და არანაირი განხეთქილება და დაყოფა ჩვენს ხალხში არ არის.
დამნაშავეთა ჯგუფი უნდა დაისაჯოს, ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უნდა მოგვენიჭოს და თემირლანი უდანაშაულოდ იქნეს აღიარებული. ულტიმატუმებით არ ვსაუბრობთ, თუმცა ხელისუფლება ცდილობს ეს ულტიმატუმები გაჟღერდეს ჩვენგან. არავითარ შემთხვევაში, ულტიმატუმები არ იქნება.
შემდგომ ნაბიჯებს დრო გვაჩვენებს", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენლის, მუსა პანკისელის თქმით, ისინი ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან და პანკისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პასუხები პრემიერ-მინისტრისგან მოისმინონ.
„როცა მთელი ხეობა იდგა ამ ოთხი თვის განმავლობაში და ითხოვდა - მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ჩამოსულიყო და ხალხს შეხვედროდა, კაციშვილი აქ არ ჩამოსულა. როგორც კი კერძო ინვესტორის ინტერესები დადგა, მაშინვე მოგვევლინა მინისტრის მოადგილე ახმეტაში და იქ გამართა გარკვეულ ხალხთან შეხვედრა. ასეთი უყურადღებობა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან საწყენია. სახელმწიფო უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს პირისპირ და არა შუამავლებით. აქ არავინ არ უნდა გრძნობდეს თავს ისე, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. არა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები და ეს უნდა იგრძნობოდეს სახელმწიფოს მხრიდანაც და არავინ უნდა გვიყურებდეს უნდობლობის თვალით“, - აღნიშნა მუსა პანკისელმა.
მისივე თქმით, მათ აინტერესებთ პრემიერ-მინისტრის შეფასება და პასუხების მოსმენა. „ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვები დაგვიგროვდა და უფრო მეტი საჭიროება არსებობს ამ შეხვედრებისთვის, იმიტომ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს. პრემიერის შეხვედრა აუცილებელია იმ ფონზე, როცა ასეთი ჰესების ამბავში ვართ ჩართული ხეობის მოსახლეობა“, - განაცხადა იმამის წარმომადგენელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. 2017 წლის 26 დეკემბერს, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საკუთარ საძინებელ ოთახში სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.
პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.