„ექსჰუმაციას ძალიან ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. თუკი ექსჰუმაციის ექსპერტიზის დადგენილებაში დასმული არ არის ის კითხვები, რომელიც საკვანძო და ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ გაგვიჩნდება ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა. ოჯახისთვის მძიმე იყო ექსჰუმაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მათ ეს გააკეთეს, რათა გამოძიებისთვის ხელი არ შეეშალათ. იმედს ვიტოვებთ, რომ პროკურატურა ძალიან მალე დადებს შედეგს, რა მოხდა რეალურად“, - აღნიშნა ჭკადუამ.
ევგენი აფრასიძის მეუღლე და ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე ითხოვს, მაშინდელი მაღალჩინოსნები, მათ შორის გიორგი ბარამიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. დოდო აფრასიძის თქმით, სწორედ გიორგი ბარამიძემ დაგეგმა სპეცოპერაცია.
„ადრეც მქონდა ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების სურვილი, თუმცა გვემუქრებოდნენ. მეც შემეშინდა, რადგან ბავშვები გვყავდა და აღარაფერი მითქვამს. ექსპერტიზის შედეგები არ ვიცი, თუმცა ეს ნაწილობრივ იქნება სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მოხდა ჩემი შვილის გვამის ექსჰუმაცია, მეუღლე კი მაშინ ცოცხლად დამიწვეს და მისგან მხოლოდ ფერფლი დარჩა. ჯერ კიდევ იმედით ვცხოვრობ, რომ სამართლიანობა აღდგება. როგორ უნდა დამტოვონ მთლად ასე. ჩვენ აღარაფერი გვაქვს. თუ რამე გვქონდა, ყველაფერი გადაგვიწვეს. ხან ვის სახლში ვათევთ ღამეს და ხან ვის სახლში. ბიჭები რომ გამოვიდნენ ციხიდან, წალკაში შევარემონტეთ ერთი სახლი და იმაში ვცხოვრობთ.
ჩვენ მოვითხოვთ, გაასამართლონ დამნაშავეები. ვის დასჯას მოვითხოვთ და თვითონ სააკაშვილმა თქვა, მე გავეცი ბრძანება, რომ აფრასიძეების ოჯახი ამოეხოცათო. იმას ყველამ მხარი დაუჭირა - ბარამიძე, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ვის არ ჰქონდათ წილი ჩვენი ოჯახის დაღუპვაში. იყო ჩვენს ოჯახში ერთადერთი ძებნილი, მაგრამ მისი აყვანა როცა მოუნდებოდათ, მაშინ შეეძლოთ“, - აღნიშნა დოდო აფრასიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლების შეკრების შედეგად, ხოლო შმაგი აფრასიძეს - 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 5 წლის წინ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გათავისუფლდნენ.