weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

სახალხო დამცველმა თამარ მეარაყიშვილი ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა

12:55 ორშაბათი, 30 აპრილი 2018
ფოტოზე თამარ მეარაყიშვილი ფოტოზე თამარ მეარაყიშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა.

სახალხო დამცველის განცხადებით, აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს. 

„საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეგიონია, სადაც ზეწოლის შედეგად დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციები, დე ფაქტო მმართველობა სრულად აკონტროლებს მედიას, რეგულარულად იდევნებიან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები.

ამ პირობებში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამარ მეარაყიშვილი ერთადერთი ადამიანია ვინც ზეწოლის, დაშინების და მუქარის მიუხედავად, წლებია იბრძვის ახალგორში მცხოვრებთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების და სხვა უფლებების დასაცავად. თამარ მეარაყიშვილის ინტერვიუები და ბლოგები ერთადერთი წყარო იყო და არის ახალგორში შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

2017 წელს მას ორჯერ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ამჟამად კი მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, არ შეუძლია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მკურნალობა“, - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მისი მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარდგენით, სახალხო დამცველი მადლობას უხდის თამარ მეარაყიშვილს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და მიიჩნევს, რომ ის მისაბაძი მაგალითია ყველა აქტივისტისა და ადამიანის უფლებების დამცველისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]