„მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტმა გაათავისუფლოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რადგან მისი ღირებულებები აბსოლუტურად არ შეესაბამება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს. სოფო კილაძე, რომლის სამუშაოს მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაა და ამაში იღებს ხელფასს, არის ერთ-ერთი მოწინავე ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეში“, - განაცხადეს აქციაზე.
„თანასწორობის მოძრაობის“ აქციის პარალელურად, პარლამენტთან კონტრაქცია გამართა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“, რომელიც 17 მაისის აღნიშვნის კატეგორიული წინააღმდეგია. კონტრაქციის მონაწილეებმა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებს კვერცხები ესროლეს. სამართალდამცავებმა სამი ადამიანი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ცნობილია თავისი ფაშისტური იდეოლოგიით და გასაკვირი არ არის მათგან კვერცხების დაშენა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სოფო კილაძე იზიარებს მართლამდიდებელ მშობელთა კავშირის ღირებულებებს და მისთვის ადამიანის უფლებების დაცვა არის „მისი ნება“, როგორც გუშინ განაცხადა“, - აღნიშნა აქციის მონაწილე ლევან ბერიანიძემ.
აქციას გამოეხმაურა სოფო კილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ჰომოფობიური განცხადება არ გაუკეთებია. მისივე თქმით, დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება.
30 აპრილს, „ლიბერალთან“ ინტერვიუში სოფო კილაძემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აპირებს 17 მაისის - ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის -აღნიშვნას.
„არ აღვნიშნავთ. ჩვენი ნებაა, გვინდა, აღვნიშნავთ, გვინდა - არა“, - ციტირებს კილაძის კომენტარს „ლიბერალი“.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში აქვს გაწერილი.