weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს, „გირჩის“ ორ წევრს კი პატიმრობა შეეფარდა

22:10 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო „გირჩის“ წევრებს - იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დღეს დაიწყო. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. იგივე სამართალდარღვევის ჩადენისთვის გუშინ ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავები ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთ პირს აკავებდნენ, „გირჩის“ წევრებმა კი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

სასამართლო პროცესის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შს სამინისტროს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებდა. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ სამართალდამცველები უდიერად ეპყრობოდნენ იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, ერთ–ერთმა პოლიციელმა კი ხვიჩიას იმის გამო დასცინა, რომ მას ზოლებიანი წინდები ეცვა.

„ეს ორი ადამიანი სასამართლომ 10 დღით ჩასვა 6 უსინდისო პოლიციელის ჩვენების საფუძველზე“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ჩვენ მათ [პოლიციელებს] არ დავაკავებინეთ და ნარკოტიკი არ ჩავადებინეთ უდანაშაულო ადამიანისთვის. დიახ, მათ ეს ბრძოლა, „გირჩის“ თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეჩხირებათ ყელში“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.  

შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ბექა დოჭვირის თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო. „ყველამ უნდა გავიგოთ, რომ როდესაც პოლიციელი მოქმედებს კანონის ფარგლებში და ასრულებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ“.

„გირჩის“ წევრები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]