weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა კიდევ ერთი თვით გადადო

17:46 ორშაბათი, 07 მაისი 2018
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა კიდევ ერთი თვით გადადო ფოტო © თეთრი ხმაურის მოძრაობა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო. ვადის გადაწევის საკითხი ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დააყენა, რასაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ვოლსკის აზრით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა და კანონპროექტის ამ ფონზე განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

„ვატყობთ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ინიციატორებს, იქნებ გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ, არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება და კიდევ ერთი თვით საკონსულტაციოდ გავაგრძელოთ ვადა კანონის განხილვისათვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე კი საავადმყოფოში მოხვდა. თეთრი ხმაურის მოძრაობამ 5 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავ ბაზარზე გავრცელებულია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. მათივე ცნობით, 2 ახალგაზრდა ადამიანი საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში გარდაიცვალა. მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა სიკვდილისთვის გვიმეტებს. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე“, - აღნიშნულია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში.

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა არაერთხელ გადადო. 5 მარტს გადაწყდა, რომ კანონმდებლები მის განხილვას მაისში დაიწყებდნენ.

კანონპროექტი 2017 წლის ივნისში დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ და სოფო ქცარავამ დაარეგისტრირეს. დოკუმენტის ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას და დანერგვას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად აქცენტი გაკეთდება მკრურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე. ამ მიზნით, კანონპროექტთან ერთად შემუშავდა ნარკოტიკების მოხმარების პირველადი პრევენციისა და ადიქტოლოგიური სერვისების განვითარების კონცეფციები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]