weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტატუნაშვილის ოჯახი ითხოვს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგს მიმართოს

11:17 სამშაბათი, 08 მაისი 2018

არჩილ ტატუნაშვილის მშობლები და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ითხოვენ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისათვის, საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი მოამზადოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს ერთი თვის დაგვიანებით - 20 მარტს გადმოეცა. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც ადვოკატების განცხადებით, წამების კვალზე მიანიშნებს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდგომ, ცხედარს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები.

ამ დროისთვის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისთვის, მნიშვნელოვანია, ბიუროს გადაეცეს გარდაცვლილის შინაგანი ორგანოები, რაზეც პასუხისმგებელია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია.

არჩილ ტატუნაშვილის გაზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიებას მცხეთის რაიონული პროკურატურა აწარმოებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სხვა ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების სავარაუდო დარღვევის  შესახებ.

„აუცილებელია საქართველომ ევროპულ სასამართლოში წარადგინოს სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. რუსეთის ფედერაცია არის სახელმწიფო, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა  და აფხაზეთზე კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, საჩივრისთვის რელევანტურ სახელმწიფოს სწორედ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს“, - ამბობს თამარ ავალიანი.

მისივე თქმით, საქართველოს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ორი თვის წინ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარადგინოს სახელმწიფოთშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]