weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურა იცვლება

22:21 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომელიც უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ცვლილებების შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან და სამწუხაროდ, ეს რიცხვი ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაა.

„პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად, ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას; ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმისწარმოების მოტივით. ამის შემდეგ კი, სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით; აგრეთვე, იღებს მოკლევადიან С კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან და აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად 6 წლიანი ვადის 10 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. 12 წლამდე გაიზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადაც, რომლის მაქსიმალური ხანგრძლივობა, მოქმედი კანონმდებლობით, 6 წელია.

„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად იცვლება შემდეგი რეგულაცია - საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. ახლა მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა ასევე 6 წელია. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განიხილება 35 000 $-იანი ზღვარის აწევის საკითხი უძრავ ქონებაზე, რომელიც მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად არის აუცილებელი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იმსჯელებს საინვესტიციო ზღვარის გადასინჯვაზეც.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ღია ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის და რა თქმა უნდა, ლიბერალური სამიგრაციო კანონმდებლობა ამას ხელს უწყობს. ჩვენ ამ თვალსაზრისით დავრჩებით ღია ქვეყნად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინოვაციური და მახინჯი მექანიზმების გამოყენებით, ადამიანებმა შეძლონ, პრაქტიკულად, კანონს გვერდი აუარონ, გაიხანგრძლივონ ქვეყანაში არაკანონიერი ყოფნა, მოითხოვონ ის, რაც მათ არ უნდა ეკუთვნოდეთ და ა.შ. ვფიქრობ, ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდეს კვალიფიციური ინვესტორი, იმისათვის, რომ  ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის მინისტრი გააკეთებს დამატებით განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მსჯელობა, შემდეგში უკვე პარლამენტში გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]