weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახელმწიფო შენობებში უკანონოდ მცხოვრები უსახლკაროები დახმარების მიღებას შეძლებენ

17:58 პარასკევი, 11 მაისი 2018

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით განსაზღვრული წესი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში უკანონოდ მცხოვრებს პირებს არ შეეძლოთ მიემართათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დახმარების დანიშვნის მიზნით, თუკი მათ ამ ფართის კანონიერი მესაკუთრის თანხმობა არ ჰქონდათ.

საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პირები რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის საჭიროება წარმოეშვათ სადავო ნორმის ამოქმედების (2013 წლის 1 ივნისი) შემდეგ კარგავენ სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას. მაშინ როდესაც, სადავო ნორმა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას არ ართმევს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირდნენ სადავო ნორმის ამოქმედებამდე. შესაბამისად მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ხსენებული პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა თანასწორობის უფლებას არღვევდა.

მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა პირს აიძულებდა არჩევანის გაკეთებას მის საცხოვრებელ სახლსა და სოციალური დახმარების მიღების უფლებას შორის, რითაც ხდებოდა პირის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო რეგულაცია ლახავდა მისი თანასწორობისა და ღირსების უფლებებს, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-17 მუხლებით.

მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს - სახელმწიფო საკუთრების დაცვას. ამასთანავე, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ იწვევდა პირის უფლებების გადამეტებულ შეზღუდვას და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ სოციალური დახმარებითსარგებლობის მიზნებისთვის, თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენდა ყველა ის პირი, რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობდა  სახელმწიფო საკუთრებაში, იმის მიუხედავად თუ როდის წარმოეშვათ აღნიშნულ პირებს სოციალური დახმარების მიღების საჭიროება.სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირ პირობებში მყოფი (სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები) პირების ნაწილს ჰქონდა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა, ნაწილს კი არა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ ჰქონდა გონივრული გამართლება და ეწინააღმდეგებოდასაქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. 

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი მოახდინოს საკუთარი ქონების ხელყოფის აღკვეთა, რასაც არც მოსარჩელე მხარე არ ხდიდა სადავოდ. თუმცა, ქონების ხელყოფის აღსაკვეთად გამოყენებული ღონისძიების შერჩევისას სახელმწიფოს შეხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო. კერძოდ, შერჩეული ღონისძიება არ უნდა არღვევდეს ადამიანების მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის პრინციპს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის ღირსების უფლებასთან მიმართებით შეაფასა იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევის კონსტიტუციურობა და მიიჩნია, რომ ამგვარი ღონისძიების გამოყენებით სახელმწიფო საკუთარი ქონების დასაცავად, მისი ხელყოფის აღსაკვეთად, იყენებს ადამიანის მძიმე სოციალურ მდგომარეობას. ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ იქნეს მიზნის მიღწევის საშუალებად, შესაბამისად იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]