მინისტრი, 13-14 მაისს, პარლამენტის შენობის წინ, ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორებს შეხვდა.
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ერთობლივი პრობლემა და მაშინ, როდესაც შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედების არეალს, წერტილი. ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც შემდგომში ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი. ეს არის პირველი შეთანხმება და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის.
როგორც გუშინ მე აღვნიშნე, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა საკითხი და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
სტუმრებს დავპირდით, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად, იყო თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით არცერთი ასეთი შემთვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის.
თუმცა, ჩვენ ვართ მზად კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი და თუ დადასტურდა ასეთი შემთხვევები, ამაზე ვისაუბროთ.
შეიქმნება ორი ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. სახელმწიფოს აქვს რამდენიმე სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება ასეთი ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს. მეორე - იქნება ის ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს პარასევის ღონისძიებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც პროკურატურაში არ არსებობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც იყო კლუბში შესული, იყო აღჭურვილი სამხრე კამერით. არცერთი დადასტურებული ფაქტი უფელბამოსილების გადამეტებისა არ არსებობს, ვერ დადასტურდება, განსაკუთრებით კლუბის შიგნით და ამაში ჩვენ კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ, ქუჩაში და ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 70, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა კლუბში (ვსაუბრობ ერთ კლუბზე).
შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეის მდგომარეობით აქვს სხვადასხვა კლუბებში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“, - განაცხადა გახარიამ.