weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი ნეონაცისტური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირებას ითხოვს

18:21 სამშაბათი, 15 მაისი 2018

სახალხო დამცველი ეხმიანება 2018 წლის 13 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ პარალელურად მიმდინარე „ქართული მარშისა“ და სხვა ნეონაცისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ.

13 მაისს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მუქარას,  ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს. გავრცელდა ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის შესახებ. ასევე, ნეონაცისტური დაჯგუფების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი იწყებენ სამოქალაქო გვარდიის რაზმების ჩამოყალიბებას.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრება და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ისეთი მოწოდებები, რომელიც არის ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის მათი განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს. ასევე, ხელისუფლებას შეუძლია შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტა, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას, აუცილებელია, შესაბამის პირთა ქმედებით ზიანი არ მიადგეს სხვა ადამიანთა უფლებებს, საფრთხე არ შეუქმნან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას. „მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული კონტრაქციის მონაწილეთა ქმედებები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ასევე, იკვეთება სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

მიუხედავად იმისა, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი იდგა, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ფიზიკური დაპირისპირების რისკი, კონტრაქციის მონაწილეები არაერთგზის ცდილობდნენ კორდონის გარღვევას. ასევე, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაარღვია პოლიციის კორდონი და აცხადებდნენ, რომ აქციის დარბევას გეგმავდნენ.  გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლიდანაც ირკვევა, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალს კონტრაქციის აქტივისტმა დაარტყა სახის არეში. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია ძალადობის სხვაფაქტებზეც.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოავლინოს 13 მაისის კონტრაქციის დროს შესაძლო ყველა დანაშაულებრივი ქმედება და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე პერიოდულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

ნინო ლომჯარიას თქმით, ამავდროულად აუცილებელია რომ მომავალში, ნეონაცისტური ჯგუფების შეკრების დროს შსს-მ დროულად შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს შესაბამისი ზომები დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]