weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბესელია-გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინციატივა გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის – TI

17:29 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (Transparency International) შეფასებით, პარლამენტის წევრების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს, საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან.

„ახალი კონსტიტუციის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. მოქმედი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასევე ითვალისწინებს შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღებას და გავრცელების აკრძალვას, თუ მისი გავრცელება სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს ლახავს.

როგორც კონსტიტუციის მოქმედ ნორმაში, ასევე ახალ რედაქციაში, საუბარია კონკრეტული პირის უფლების შელახვაზე, რაც გულისხმობს ძირითადად ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებას და ასევე, ადამიანის სხვა ძირითად უფლებებს. ასეთ შემთხვევაში პირს დღესაც აქვს უფლება უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

შესაბამისად, არ შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებებით იყოს გამართლებული საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც არა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, არამედ შუღლის გაღვივების და პორნოგრაფიის პროპაგანდის აკრძალვის მიზნით ზღუდავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას.

ამრიგად, კანონპროექტი, წარდგენილი ფორმით, ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ძირითადი უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე მოქმედ კონსტიტუციას და საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებების შემთხვევაში.

საქართველოსთვის, რომელიც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა და რომლის გაცხადებული მიზანიც ევროპულ სივრცეში ინტეგრირებაა, გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული მნიშვნელობის უფლებასა და ღირებულებას წარმოადგენს. თითოეული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეეხება, სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]