შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს კარი ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს თუ არა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 156-ე მუხლი აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო ადამიანის დევნას გულისხმობს, 187-ე მუხლი კი სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი დააზიანეს. სამი თვის წინ დაუდგენელმა პირებმა ეზოს გალავანზე ჯვრები დახატეს. გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებითაც დაიწყო, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში იეჰოვას მოწმეთა სახლი 10 წელზე მეტია არსებობს. იეჰოვას მოწმეებმა საკუთარი შენობის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გორის მუნიციპალიტეტში მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სახლებს ქირით აღარავინ აძლევდა.