weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისის მერიას ხანძრით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა

18:27 პარასკევი, 18 მაისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული 33 პირის სასარჩელო მოთხოვნა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას მოსარჩელეების მიმართ 3000 ლარის გაცემა დაავალა.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელეები განმარტავდნენ, რომ 2017 წლის 10 აპრილს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარის გაცემის თაობაზე.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მინიჭებული „დაზარალებულის“ სტატუსის მიუხედავად, მოსარჩელე პირებზე, დახმარების გაცემა არ მომხდარა. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნით, უშედეგოდ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა მათ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

მოპასუხეთა განმარტებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად, ბიუჯეტიდან მოძიებული იქნა ფინანსური ხარჯები. ამასთან, დაზარალებულთა სიების დაზუსტების მიზნით, მათივე დავალებით კერძო კომპანიებმა წარადგინეს იმ პირთა სიები, რომლებიც დაზარალებულებთან სამართლებრივ ურთიერთობაში იყვნენ. დაზუსტებულ სიებში ვერ მოხვდნენ მოსარჩელეები, ვინაიდან კერძო კომპანიებს მათ შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და დაავალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემა, თითოეულის სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა 2017 წლის 30 იანვარს დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]