weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

12:52 ორშაბათი, 21 მაისი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრისას გადასცა.

„ჩვენ დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, იცავდა ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას. ჩვენ არჩილს ვანიჭებთ ღირსების ორდენს გარდაცვალების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ტკივილი, რაც ჩვენ თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილის გარდაცვალებით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული და დამნაშავეები იქნებიან დასჯილნი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. როგორც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა განაცხადა, საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად ამზადებენ.

„ამ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ამზადებს ევროპულ სასამართლოში შესატანად, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ პარასკევს გავაგზავნეთ განცხადება რუსეთის ფედერაციაში გამოძიების დაწყების შესახებ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან და წამებასთან დაკავშირებით. რუსეთი არის ერთადერთი პირი, რომელსაც ბრალად შეერაცხება აღნიშნული უკანონო ქმედება, რადგან რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და ახორციელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ველით რუსეთის ფედერაციისგან პასუხს. რასაკვირველია, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები“, - აღნიშნა თამარ ავალიანმა.

მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საქართველოში გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, იძულებულნი იქნებიან, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი საქართველოს წინააღმდეგაც შეიტანონ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს ერთი თვის დაგვიანებით - 20 მარტს გადმოეცა. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდგომ, ცხედარს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]