weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პირი, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დააკავეს

17:13 ორშაბათი, 21 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის 19 მაისს, ინგა გრიგოლიას მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ამავე ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

ინგა გრიგოლია წერდა, რომ 2011 წლიდან მისთვის უცნობი მამაკაცი ემუქრება. ჟურნალისტის თქმით, მამაკაცი მას ქონების გამოძალვაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მისი შვილის მამაა. გრიგოლიამ პოლიციას პირველად 2013 წელს მიმართა, თუმცა მაშინ საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დაიხურა.

„პერიოდულად ვთხოვდი პოლიციას დაცვას. აქამდე მეუბნებოდნენ, რომ კანონი არ აძლევდათ დაჭერის საშუალებას, რადგან პირდაპირი მუქარა, რომ რამეს მიზამს (მაგალითად მომკლავს) არ იყო. ალბათ ქალი აუცილებლად უნდა მოკვდეს, რომ მოძალადე დაიჭირონ. ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული, როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს, რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს“, - აცხადებდა გრიგოლია.

შსს-ს ცნობით, ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.

გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]