weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა საშიში პრეცედენტია – სახალხო დამცველი

11:24 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, შრომითი უფლებებისთვის საზიანო და საშიში პრეცედენტია.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა 3 მაისს დაგეგმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაფიცვა მაქსიმალური ვადით - 30 დღით გადავადდა. გაფიცვის დაწყების ახალ თარიღად 3 ივნისი გამოცხადდა, თუმცა, ამჯერად, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვა „სამუშაო საათებში“.

„პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს დასაქმებულის დროებით ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. სამუშაო საათების შემდეგ შრომითი ვალდებულებები დასაქმებულებს არც ეკისრებათ, რის გამოც „სამუშაო საათების შემდეგ“ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და გაფიცვაზე საუბარი სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.

გარდა ამისა, ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ გაფიცვის მხოლოდ ერთჯერადად, მაქსიმუმ 30 დღის ვადით გადადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ორგანული კანონი უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის მქონე აქტია და ამავდროულად შეიცავს სპეციალურ ნორმებს უშუალოდ გაფიცვის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ ამ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაფიცვის პრაქტიკაში რეალიზებას, ერთგვარად ილუზორულ და განუხორციელებელ უფლებად აქცევს მას.

სასამართლომ გაფიცვის შეზღუდვის გადაწყვეტილება ამჯერად სამოქალაქო საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო, რასაც წინ უნდა უსწრებდეს ვარაუდი, რომ სარჩელი (გაფიცვის უკანონოდ ცნობა) დაკმაყოფილდება. თუმცა, სასამართლო არ მსჯელობს, თუ რას ემყარება აღნიშნული ვარაუდი და გაფიცვის უკანონობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი, რის გამოც კითხვის ნიშნები ჩნდება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში საუბარია გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების განჩინების ზედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებისა და მეტროპოლიტენის პარალიზების ალბათობაზე, რაც სრულიად უგულებელყოფს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე სწორედ სააპელაციო სასამართლოს არასასურველი გადაწყვეტილების შედეგების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არღვევს გაფიცვის უფლების არსს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]