შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე სულ 1347 პირის საქმე განიხილა. კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, იმის გამო, რომ პრეზიდენტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების საქმეებზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, 216 ასეთი საქმე კომისიამ არ განიხილა.
„ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვასა და ყაჩაღობაზე. მათი დოკუმენტები აკმაყოფილებდა შეწყალების საქმეთა წარმოების შესახებ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ამიტომ მათ საქმეებს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.