weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა

12:31 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018
ფოტო © პირველი არხი ფოტო © პირველი არხი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედებოდა ორი მოზარდის განზრახ მკვლელობა, დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაწილში.

რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მოსამართლემ მას ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა ედებოდა.

მკვლელობის საქმეს სასამართლო 4 თვის განმავლობაში იხილავდა და დღეს დასრულდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე დაყრდნობით სასამართლო სხდომები დახურული იყო. სასჯელს მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა დავით სარალიძე და „პროკურატურამ ნამდვილ დამნაშავეებს ხელი დააფარა“.

„არ ვიცით, ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. ჩვენ, სამხარაულის ექსპერტიზამ და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 5 შემავალი ჭრილობიდან არცერთი არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიყენებული. ასევე გამართლდა მეორე არასრულწლოვანიც. გამოძიებით დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები - იყვნენ ესენი მოწმეები თუ სხვა პირები. შესაბამისად, გამოძიება არ არის სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. ამიტომ, არვიცი, შემდგომში როგორ მოიქცევა პროკურატურა. ფაქტობრივად დადგინდა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა სწორი პოზიცია, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან. ახლა პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა და რა ღონისძიებებს გაატარებს იმ გამომძიებლებისა და პროკურორების წინააღმდეგ, რომლებმაც გააყალბეს მტკიცებულებები და დამალეს ნამდვილი დამნაშავეები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სხვის მაგიერ პასუხი არ უნდა აგოს“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

პროკურორის განმარტებით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს კატეგორიულად არ ეთანხმება და განაჩენის მიღებისთანავე მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი საავადმყოფოში.

სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ერთი მოზარდი 2 დეკემბერს დააკავეს, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]