weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოკლული დავით სარალიძის მამა - მივმართავ ყველას, დამიდექით გვერდით

13:49 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018
ფოტო © პირველი არხი ფოტო © პირველი არხი

„მივმართავ ყველას, შვილმოკლულ მშობლებს, პოლიტიკურ ძალებს, მმართველ გუნდს, ასევე ყველა კომპეტენტურ პიროვნებას - დამიდექით გვერდით“ - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ, რომელიც პროკურატურის წინ აქციას მართავს და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას, ასევე, საქმის პროკურორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„სად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ არ მიდგანან გვერდით. ეკა ბესელია პირდაპირ ეთერში რომ „მეხიშიპებოდა“, რატომ არ დგას ჩემს გვერდით? მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მმართველ გუნდს, ასევე ყველა კომპეტენტურ პიროვნებას, არ აქვს მნიშვნელობა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იქნება თუ პროკურატურიდან, დამიდექით გვერდით.

სისტემამ ჩემი მოკლული შვილის სული შეურაცხყო. მე ვითხოვ ყველა მკვლელის დასჯას, ასევე დაუყოვნებლივ ვითხოვ პასუხისგებაში მიეცეს შოთაძე საქმის გაყალბებისთვის. სისტემამ გადაწყვიტა დამეჯახოს. მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან“, – აღნიშნა სარალიძემ.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე, ზაზა სარალიძეს მთავარ პროკურატურაში შესვლა  და ირაკლი შოთაძესთან დიალოგი შესთავაზა, რაზედაც მოკლულის მამა უარი თქვა.

„დაუყოვნებლივ გადადგეს შოთაძე და პასუხისგებაში იქნან მიცემული შოთაძე, კაპანაძე, ფხაკაძე, მირზა სუბელიანი და მისი ცოლი... ახლავე გამოვიდეს ნაძირალა შოთაძე და პასუხი გამცეს. არავითარი შეხვედრა. დაუყოვნებლივ საჯაროდ მისცენ პასუხისგებაში შოთაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელების ხელის დაფარებაში“, - აღნიშნა სარალიძე,

მთავარ პროკურატურაში ბრიფინგია დანიშნული ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედებოდა ორი მოზარდის განზრახ მკვლელობა, დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაწილში.

რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მოსამართლემ მას ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა ედებოდა.

მკვლელობის საქმეს სასამართლო 4 თვის განმავლობაში იხილავდა და დღეს დასრულდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე დაყრდნობით  სასამართლო სხდომები დახურული იყო. სასჯელს მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ  გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა დავით სარალიძე და „პროკურატურამ ნამდვილ დამნაშავეებს ხელი დააფარა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]