weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვაზე ვერ შეთანხმდნენ

14:07 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

პარლამენტის ბიურომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

ფრაქციების „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ითხოვდნენ, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პირველ საკითხად განეხილათ.

„დღის წესრიგში რომ იდგეს მხოლოდ ის საკითხი, როგორია პოზიცია ყველა ჩვენგანის, თუ როგორ მივიდეთ სიმართლემდე, ეს სხვა თემა იქნებოდა. რა შემთხვევაში იქმნება კომისია – როცა სხვა ინსტრუმენტები ამოწურავს თავის თავს. ჩვენ შეგვიძლია, თუ მარტო ამ ლოგიკას გავყვებით, დაველოდოთ და მერე უკვე გამართლებულად ვიტყვით, რომ მოდით შევქმნათ კომისია. მაგრამ ახლა არაორდინალური სიტუაციაა. ახლა ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან პირდაპირ და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ იმ მეორე პროცესშიც, რომელიც გაგრძელდება, ჩვენ პარლამენტი ვართ მათ გვერდით. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მთავარი. რატომ შეუქმნის ეს – კომისიის შექმნა რაიმე პრობლემას ამ პროცესს, მართალი გითხრათ, არ მესმის. წარმოვიდგინოთ, რომ მეორე ინსტანციაზეც იგივე შედეგი დადგა, მესამეზეც ხომ შეიძლება იგივე შედეგი დადგეს. ამიტომ, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ეს ფიქრი გადავიყვანო იმ ლოგიკურ ფიქრში, როდესაც კომისიას ვქმნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა ინსტრუმენტების ამოწურვას უნდა დაველოდოთ და მერე შევქმნათ. ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევა არ არის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამ თემასთან დაკავშირებით შიდა, დახურული კონსულტაციის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედებოდა ორი მოზარდის განზრახ მკვლელობა, დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაწილში. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მოსამართლემ მას ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა ედებოდა.

მკვლელობის საქმეს სასამართლო 4 თვის განმავლობაში იხილავდა და დღეს დასრულდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე დაყრდნობით სასამართლო სხდომები დახურული იყო. სასჯელს მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა დავით სარალიძე და „პროკურატურამ ნამდვილ დამნაშავეებს ხელი დააფარა“.

მოკლული დავით სარალიძის მამა მთავრი პროკურატურის შენობასთან აქციას მართავს. „მივმართავ ყველას, შვილმოკლულ მშობლებს, პოლიტიკურ ძალებს, მმართველ გუნდს, ასევე ყველა კომპეტენტურ პიროვნებას - დამიდექით გვერდით“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელიც მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას, ასევე, საქმის პროკურორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე, ზაზა სარალიძეს მთავარ პროკურატურაში შესვლა და ირაკლი შოთაძესთან დიალოგი შესთავაზა, რაზედაც მოკლულის მამა უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]