weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხორავას ქუჩის საქმეზე ექსპერტიზა შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში ჩატარდება - ირაკლი შოთაძე

15:02 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

„ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩატარებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში“, - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლო სამედიცინო საექსპერტო ბიუროსთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული საექსპერტო ბიუროა. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი სწორედ საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში და აქვს ბატონ ზაზა სარალიძეს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა საეჭვოდ არ ვხდით სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულ არცეერთ ექსპერტიზას, თუმცა სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებას გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი, სწორედ იმისთვის, რომ დაზარალებულ ზაზა სარალიძეს გაეცეს მის კითხვებზე პასუხი ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან, რომ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში. მათ გადაეგზავნებათ ყველა საექსპერტო ნიმუში, სრული მასალა, მათ მიეწოდებათ ყველა მტკიცებულება და რა თქმა უნდა, საზოგადოება ინფორმირებული იქნება მთელი ამ პროცესის შესახებ“, - განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულ ზაზა სარალიძეს მის ადვოკატთან ერთად, შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერი კითხვა პროკურატურის მეშვეობით, რომელიც მას აინტერესებს ექსპერტიზისგან, დაუსვას შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს.

„ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ბატონ ზაზა სარალიძეს კითხვის ნიშნები აქვს გამოძიებასთანაც. ჩვენი მხრიდან, ყველა საპროცესო მოქმედება გამოძიების დაწყებიდან მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩავატარეთ. ჩვენს პროკურორებს ჰქონდათ მაქსიმალური კომუნიკაცია დაზარალებულებთან და ვცდილობდით აგვეხნა დაზარალებულებისთვის, რას ვაკეთებდით, რაც ხშირ შემთხვევაში რთულია იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი პროცესი და გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა საზოგადოებაში და ბატონ ზაზა სარალიძესთან აღარ იარსებოს ამ კითხვის ნიშნებმა, რომ საქართველოს პროკურატურამ რაღაც არ გააკეთა, ამიტომ გადავწყვიტეთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო, უცხოელი პროკურორები, რომლებიც ჩაერთვებიან უშუალოდ გამოძიების პროცესში.

ეს საერთაშორისო უცხოელი პროკურორები არიან: სერ ჯეფრი ნაისი, ის 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სიარიაში დაკავებულების წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია; მოშე ლადორი - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ისრაელში მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, მათ შორის, სისხლის სამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი. პოლ კაფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის განყოფილების დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაერო- მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასვე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულთა გამოძიებას.

ეს ჯგუფი მსოფლიოს სამართლებრივ წრეებში განსაკუთრებული ავტორიტეტით გამოირჩევა, ის ჩაერთვება ხსენებული საქმის გამოძიებაში და მათი უშუალო მონაწილეობით ჩატარდება ყველა დამატებითი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]