weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი - პროკურატურამ დამნაშავე პირები სრულად არ გამოავლინა

15:27 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

სახალხო დამცველის განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სალარიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად არ გამოავლინა.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული მხარე აღნიშნულ გარემოებაზე ღიად აპელირებდა, გამოძიება სხვა პირების მიერ  მკვლელობის ფაქტზე დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას. მოვუწოდებ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში ყველა მონაწილე დამნაშავის გამოსავლენად. ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით, დავით სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კითხვები არსებობს ასევე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიების მიმართულებით, თუ რამდენად ამომწურავია პასუხისგებაში მიცემულ პირთა სია, რომლებმაც ხელი შეუწყეს დანაშაულის დაფარვას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, გააცნოს ამ დროისთვის არსებული ყველა მიმდინარე გამოძიების მასალები ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სხვა პირთა მიერ მკვლელობის გამოძიება და გამოძიების მასალები გააცნოს სახალხო დამცველს.  

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარ, 2 ბავშვის მკვლელობის საქმეს 4 თვის განმავლობაში იხილავდა და განაჩენი დღეს გამოაცხადა.

გ.ჯ.-ს ბრალი ედებოდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ბ.-ს – ჯგუფურად, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობასა და არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

სასამართლომ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელება არ ჩათვალა დადასტურებულად და აღნიშნული, როგორც მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება ორივე ბრალდებულის მიმართ მოხსნა. სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში, რადგან დადასტურებულად არ ჩათვალა მის მიერ სასიკვდილო ჭრილობის მიყენება; გ.ბ. დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იგი გაამართლა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]