weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ანა ნაცვლიშვილი – მთავარი პროკურორის ბრიფინგი სრულიად არაადეკვატური იყო

15:50 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

„პრეზიდენტი არაერთი წელია საუბრობს იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა კრიზისშია. დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ ის პრეტენზიები და პასუხგაუცემელი კითხვები, რაზეც თვეების განმავლობაში საუბრობდა დაზარალებული, საუბრობენ შვილმკვდარი მშობლები, ეს პასუხგაუცემელი კითხვები რჩება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე.

„სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა პროკურატურის მიერ არასწორად და არაკომპეტენტურად ჩატარებულ გამოძიებას და დაადასტურა ის, რაზეც თვეების განმავლობაში საუბრობდა დაზარალებული. მოცემულ ვითარებაში უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება. ეს გულისხმობს იმას, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა. სრულიად არაადეკვატური ბრიფინგი მთავარი პროკურორის სრულიად არაადეკვატური პოზიციებით, ცალკე თემაა. მხოლოდ კონკრეტული ადამიანების გადადგომა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხანია, რომ

ამ სისტემაში ისევ ის ადამიანები რჩებიან და იმავე მეთოდებით მუშაობენ, რაც წლების განმავლობაში, როდესაც ძალადობდა სახელმწიფო ადამიანებზე და აი ეს უწყება ამ ყველაფერს აფორმებდა, ხელს აფარებდა და იყო ძალადობის თანამონაწილე, იმავე ადამიანებით და იმავე მეთოდებით აგძელებს უწყება მუშაობას.

ეს თუ არ დამთავრდა, კონკრეტული ადამიანების წასვლა თუ წამოსვლა, დიდწილად სიტუაციას ვერ შეცვლის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ, ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა, მან პასუხი არ უნდა აგოს. ამიტომ ამბობდა პრეზიდენტი, რომ აუცილებელია ე.წ. გირგვლიანის შესწორებები, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც გირგვლიანის საქმე გააკეთეს და ვინც მსგავს საქმეებს აკეთებდნენ, დღემდე რჩებიან ამ უწყებაში. ამ პირობებში, საზოგადოებას ვერანაირი ნდობა ერ ექნება პროკურატურის მიმართ და ამას კიდევ ერთხელ, დღევანდელი სასამართლოს  განაჩენი ადასტურებს, როდესაც მოსამართლემ და სასამართლომ პირდაპირ თქვა ის, რაზეც დაზარალებული ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა, რომ საქმის გამოძიება არ ხდება სწორი მიმართულებით“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარ, ორი ბავშვის მკვლელობის საქმეს 4 თვის განმავლობაში იხილავდა და განაჩენი დღეს გამოაცხადა.

გ.ჯ.-ს ბრალი ედებოდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ბ.-ს – ჯგუფურად, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობასა და არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

სასამართლომ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელება არ ჩათვალა დადასტურებულად და აღნიშნული, როგორც მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება ორივე ბრალდებულის მიმართ მოხსნა. სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში, რადგან დადასტურებულად არ ჩათვალა მის მიერ სასიკვდილო ჭრილობის მიყენება; გ.ბ. დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იგი გაამართლა.  

სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომა და საქმის პროკურორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. ამ მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს მთავარი პროკურატურის შენობასთან.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ამასთან გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი პროკურორები და ექსპერტიზა კიდევ ერთხელ ჩატარდება შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]